ომბუდსმენი სახელმწიფოს მოუწოდებს, მოქალაქეთა ნებისმიერი თავყრილობა რეალურად შეზღუდოს

428

სახალხო დამცველი სახელმწიფოსა საგანგებოდ მიმართავს და მოუწოდებს, რომ რეალურად და დაუყოვნებლივ უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეთა თავყრილობების შეზღუდვა ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ ადგილას.

ომბუდსმენი წერს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების რისკებს განსაკუთრებულად საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის შემდგარი შეთანხმება ზრდის. შეთანხმების მიხედვით, სააღდგომო ლიტურგია საქართველოს ეკლესიებში მრევლის მონაწილეობით გაიმართება. სახალხო დამცველი მოუწოდებს მთავრობას, რომ რეალური ნაბიჯები გადადგას.

“წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგვიანებული რეაგირებებისა და გაუტარებელი პრევენციული ღონისძიებების გამო, გამოწვეულ ინფიცირებულთა რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდასა თუ გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა საქართველოს სახელმწიფოს დაეკისრება”, — წერია განცხადებაში.

ომბუდსმენი, ასევე, მოუწოდებს მოსახლეობას გაითვალისწინონ დადგენილი შეზღუდვები, რომელთა დაცვით შესაძლებელია საკუთარი და სხვა ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, 17 აპრილის დღის 12 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით  გადაადგილება.  ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება. 

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილის ჩათვლითაა გამოცხადებული, თუმცა, ის, მთავრობის ინიციატივით, 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი    გამოცხადდა.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 370 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 77 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.