მოქალაქეებმა, შესაძლოა, მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის -144 საშუალებით, ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინების სახითაც მიიღონ

794

განიხილება შესაძლებლობა, მოქალაქეებმა მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის -144 მეშვეობით, ინფორმაცია მიიღონ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახითაც, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე განმარტებით, კონკრეტული ფუნქცია საჭირო გახდება იმ შემთხვევაში, თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სრული კარანტინის გამოცხადების შესახებ.

„კორონავირუსთან ბრძოლის პირველივე დღიდან საქართველოს მთავრობა მუშაობს პანდემიასთან გამკლავებისთვის საჭირო სწორი და ეფექტიანი მექანიზმების შექმნაზე.

როგორც თქვენთვის ცნობილია, უკვე ამოქმედებულია მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი – 144, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით სრული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.

ამ ეტაპზე, ცხელი ხაზი იღებს მხოლოდ სატელეფონო ზარებს.

„ამასთან, განიხილება შესაძლებლობა, მოქალაქეებმა 144-ის მეშვეობით, ინფორმაცია მიიღონ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახითაც. ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის ეს კონკრეტული ფუნქცია საჭირო გახდება იმ შემთხვევაში, თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სრული კარანტინის გამოცხადების შესახებ. ეს კი მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები ზედმიწევნით არ შეასრულებენ დაწესებულ შეზღუდვებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, 17 აპრილის დღის 12 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით  გადაადგილება. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება.

აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება. 

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილის ჩათვლითაა გამოცხადებული, თუმცა, ის, მთავრობის ინიციატივით, 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი   გამოცხადდა.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 370 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 77 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.