იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მანქანების მოძრაობის აკრძალვის შემდეგ ფეხით მოსიარულე “ზღვა ხალხი მივიღეთ”, ესეც აიკრძალება.
პირველი არხის ეთერში წილუკიანმა თქვა, რომ საჭიროებებს მოქალაქეების ქცევა განაპირობებს.
„მთავრობა ალბათ ძალიან მალე დაუბრუნდება მსჯელობას საყოველთაო კარანტინთან დაკავშირებით, მაგრამ გადაწყვეტილება იმის მიხედვით მიიღება, თუ რა სურათს მივიღებთ ხვალ, დილის 12:15 საათიდან. თუ შევხედავთ, რომ მანქანები ვეღარ მოძრაობს, რადგან ეს აიკრძალა, მაგრამ სამაგიეროდ, ქუჩაში მივიღეთ ფეხით მოსიარულე ზღვა ხალხი, რა თქმა უნდა, ამის აკრძალვაც მოგვიწევს. მთავრობა გააკეთებს ყველაფერ იმას, რაც მოცემულ მომენტში იქნება საჭირო, საჭიროება კი მოქალაქეების ქცევით არის განპირობებული. მესმის, რომ კარგი ამინდებია და ყველას გვიხარია დაგვიანებული გაზაფხულის მოსვლა, მაგრამ ჩვენ სიკვდილის საფრთხის წინაშე ვართ, ყველა ერთნაირად და ამიტომ, თუ მოქალაქე თავად არ შეიძენს ქცევას, რომელიც მისთვის უსაფრთხოა, მთავრობის ვალდებულებაა, მოქალაქეს ამგვარი ქცევა სხვადასხვანაირი მეთოდებით შეაძენინოს”, – თქვა თეა წულუკიანმა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვტილებით, 17 აპრილის დღის 12 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება.
აგრეთვე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით საქართველოს ქალაქებში სასაფლაოზე გასვლაზე შეზღუდვები წესდება.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილის ჩათვლითაა გამოცხადებული, თუმცა, ის, მთავრობის ინიციატივით, 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 15 აპრილის 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 370 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 77 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.