კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჩოხატაურში თერმოსკრინინგი დაიწყო.
მუნიციპალიტეტის შესასვლელში საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოეწყო, სადაც ჩოხატაურში შემსვლელი მოქალაქეები შემოწმებას გადიან.
„იმის გათვალისწინებით, რომ ადგომის დღესასწაულთან დაკავშირებით იზრდება სხვადასხვა ქალაქიდან ჩოხატაურში შემომსვლელთა ნაკადი, ტარდება აღნიშნული ღონისძიება. მგზავრთა თერმოსკრინინგს ატარებენ სამართალდამცველები და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. იგი პრევენციული ზომების გატარებას ისახავს მიზნად“,- განაცხადა ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ.
ჩოხატაურში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არ გამოვლენილა.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა დღეს 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 306 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.