საოკუპაციო ხაზთან მდებარე ოთხი სოფლის მოსახლეობისთვის მიწის ფართობები მუშავდება, გადაეცემა სათესლე მასალაც. აქცია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებითა და კომპანია “აკა ენერჯის” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
კომპანია საკუთარი ფინანსებით უზრუნველყოფს დათესვის სამუშაოებსაც. შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკაში იმყოფებოდა და ხვნის პროცესს ადგილზე გაეცნო.
“არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, ოთხი სოფლის მოსახლეობისთვის კერძო კომპანიამ თანხა გამოყო და ამჟამად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ჯამში, იხვნება და მუშავდება 10 ჰა მიწის ფართობი. სათესლე მასალა თავად ადგილობრივებმა შეარჩიეს. აქვე გეტყვით, რომ რეგიონში შეუფერხებლად განაგრძობენ მუშაობას შხამ-ქიმიკატების მაღაზიებიც. შესამამისად, ფერმერებს პესტიციდებთან დაკავშირებით პრობლემა არ შეექმნებათ,” – აღნიშნა რწმუნებულმა
შიდა ქართლში სასოფოლო-სამეურნეო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით ხორციელდება.
კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის პარალელურად, კერძო სექტორი აქტიურადაა ჩართული სოციალური პასუხსმგებლობის კუთხით.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა დღეს 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 306 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.