ტაბაღუა: რუსთავში კორონავირუსით ინფიცირებულთა სტატისტიკა არ გაზრდილა

645

რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, ქალაქში კორონავირუსით ინფიცირებულთა სტატისტიკა არ გაზრდილა. მისივე განმარტებით, მოსახლეობა საკარანტინე წესებს პასუხისგებლობით ეკიდება და შესაბამისად, ქალაქში კანონდარღვევა ნაკლებია.

„საქართველოს მთავრობის დადგენილება დღეს, 21:00 საათიდან შედის ძალაში, ჩამოთვლილია 4 ქალაქი, მათ შორის, რუსთავი, სადაც მოქალაქეების გადაადგილება ერთი ქალაქიდან მეორეში შეზღუდულია. თუ მოქალაქე რეგისტრირებულია სხვა მუნიციპალიტეტში, რუსთავიდან გადაადგილება იქ, სადაც რეგისტრირებულია, შეუძლია, თუმცა რა თქმა უნდა, ერთჯერადად. ასევე, იმ პირებს, რომლებიც რუსთავში არიან რეგისტრირებული, შეუძლიათ ქალაქში დაბრუნება. განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევები, ნებართვები, რომელიც საწარმოებაზეა გაცემული არ იზღუდება, უბრალოდ მარშუტების დადგენა ხდება და ამ მარშუტების შესაბამისად ხდება მგზავრთა ნაკადისა და ტრანსპორტის იდეტიფიცრება.

საკარანტინე ზონაში სულ 172 ადამიანია, ცხელების ცენტრში კი – 8, ბავშვთა სააავადმყოფოში არავინაა. რაც შეეხება ახალ ინფიცირებულებს, სტატსიტიკური ზრდა არ მომხდარა, რუსთავში სულ 8 ინფიცირებული გვყავს. რა მითითებებიც გვექნება ეპიდემიოლოგებისგან, დავადებათა კონტროლის ცენტრიდან, შესრულდება, ისინი ზუსტად და კარგად საზღვრავენ იმ საშიშროებას, რის წინაშეც შეიძლება ქალაქი და ქვეყანა აღმოჩდეს. ვფიქრობ, ამ მოთხოვნების ზედმიწევნით შესრულება უფრო მეტ საფრთხეს აგვარიდებს და უფრო მალე გვექნება საშუალება თავიდან ბოლომდე გაიმართოს წარმოებაც, დაწესებულებაც და სასწავლო პროცესიც. ყველა მაქსიმალურადაა მობილიზებული და ნაკლები კანონდარღვევა ფიქსირდება. ეს მაღალ თვითშეგნებზე, მაღალ საზოგადოებრივ ინტერესესზე მიუთითებს. მოსახლეობას კარგად აქვს შეგნებული, თუ რატომ უნდა გავუფრთიხლდეთ ერთმანეთს, რატომ უნდა დავრჩეთ სახლში და რისთვის ვაკეთებთ ამას. ამიტომ ჩემ მოქალაქეებს მადლობას ვუხდი“, – განაცხადა ტაბაღუამ.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა დღეს 21:00 საათიდან 10 დღით აიკრძალა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი   გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 306 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.