გვაქვს შიდა კლასტერების მნიშვნელოვანი გაფართოება და ფაქტობრივად, ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ პრემიერმინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს კორონავირუსის ახალი შემთხვევების კვლევა.
„როგორც იცით, გასული დღის მონაცემებით, ქვეყანაში დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი ზრდა და დღევანდელი, 15 აპრილის მონაცემებით, გვყავს 306 დადასტურებული შემთხვევა „კოვიდ 19“-ით ინფიცირების, მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კვლევა, ასევე მიმდინარეობს იმ კავშირების დადგენა, რომელიც ახალ ინფიცირებულ ადამიანებს აქვთ. გვაქვს შიდა კლასტერების მნიშვნელოვანი გაფართოება და ფაქტობრივად, ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილებით, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, კიდევ უფრო მეტად მკაცრდება შეზღუდვები, კერძოდ ოთხ დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში.
„დღეს 21:00-დან აიკრძალება ამ ქალაქებში შესვლა და გამოსვლა. რა თქმა უნდა, იმოქმედებს გამონაკლისები. ამ მუნიციპალიტეტში შესვლა შეეძლებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებული, ხოლო 10 დღის განმავლობაში ისინი ამ მუნიციპალიტეტებს ვერ დატოვებენ. ამ მუნიციპალიტეტების დატოვების საშუალება და უფლება ექნებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან სხვა მუნიციპალიტეტებში“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა დღეს 21:00 საათიდან 10 დღით იკრძალება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 306 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.