მდინარაძე: საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით პარლამენტის სხდომა, სავარაუდოდ, 21 აპრილს გაიმართება

552

საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში სხდომა, სავარაუდოდ, 21 აპრილს ჩაინიშნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში სხდომა, სავარაუდოდ, 21 აპრილს ჩაინიშნება. იმიტომ, რომ ჩვენ ჯერ დაველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით. თუ ეს მიმართვა პარლამენტში შემოვიდა 21 აპრილს, არ გამოვრიცხავ, რომ სხდომა 22 აპრილსაც ჩატარდეს, მაგრამ უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ ეს იყოს 21 აპრილი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა, ბუნებრივია, მხარს დაუჭერს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას.

„დღეს ჩვენ გვაქვს ეტაპი, როდესაც შევდივართ კრიზისულ პერიოდში და ეს პერიოდი უნდა გადავაგოროთ ისეთივე წარმატებით, როგორც ეს წინა კრიზისულ პერიოდებში მოახერხა ხელისუფლებამ, მოახერხეს ექიმებმა და რაც ყველაზე მთავარია, მოახერხა საზოგადოებამ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ახლა საზოგადოება სახელმწიფოს და სახელმწიფო საზოგადოებას მაქსიმალურად გვერდით უნდა დაუდგეს იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ, რაც შეიძლება მინიმალური რისკით გავიაროთ ეს პერიოდი. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ ჩვენ ეს რისკები შეძლებისდაგვარად მინიმუმამდე დავიყვანეთ და მაქსიმალურად შევაკავოთ ვირუსის გავრცელება, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას, ბუნებრივია, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა დღეიდან 10 დღით აიკრძალა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი   გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 306 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.