ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალურ პროგრამაში ჩართულ 651 ბენეფიციარს ფულადი დახმარება გადასცა.
მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს 100 – 100 ლარი ჩაერიცხათ. მათივე ცნობით, ბენეფიციარებს აღნიშნული პროგრამით სარგებლობა წელიწადში 2-ჯერ, როგორც აღდგომის, ასევე, ახალი წლის დღესასწაულზე შეუძლიათ.
„ფულადი თანხა მიიღეს 18 წლამდე ასაკის 4 და მეტ შვილიანმა ოჯახებმა, დედ-მამით ობოლმა 18 წლამდე ასაკის ბავშვებმა, 18 წლამდე ასაკის შშმ პირებმა, მარტოხელა დედებმა, დიდი სამამულო ომის ვეტერანებმა, დიდი სამამულო ომის ვეტერანებთან გათანაბრებულმა პირებმა, დიდ სამამულო ომში გარდაცვლილი ოჯახის წევრებმა, ომის შემდგომ პერიოდში გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის მონაწილე ვეტერანებმა, (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160 000-ს), საქართველოს მთლიანობისთვის ომის ინვალიდებმა (მათ შორის დევნილებმაც), ავღანეთის ომის ვეტერანებმა, ჩერნობილის ავარიის დროს მოწამლულმა პირებმა, 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევისას მოწამლულმა პირებმა, 18 წლის ზევით საპენსიო ასაკამდე I ჯგუფის შშმ პირებმა. მუნიციპალიტეტში კიდევ 19 სოციალური პროგრამა მოქმედებს, რომლის მთავარი მიზანი სოციალურად დაუცველ ადამიანთა ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება და მორალური მხარდაჭერა წარმოადგენს“, – განმარტავენ ბორჯომის მერიაში.