გახარია: იდეალური რა იქნებოდა იცით? ის, რომ ეკლესია იყოს ღია და კანონი არ დაარღვიოს არავინ

677

საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, აღდგომის ღამეს კანონი არ დაირღვევა, თუმცა, აქვე, ამბობს: “ჩვენ ამ ბრძოლიდან ისე უნდა გამოვიდეთ, რომ არ დავანგრიოთ არც სახელმწიფო, არც ეკლესია, არც ეკონომიკა და გავუფრთხილდეთ მოქალაქეების ჯანმრთელობას”.

“კანონი არ და ვერ დაირღვევა და კანონის წინაშე ყველა ვერთ ერთნი. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რას წარმოადგენს, ისევე, როგორც სახლემწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, იზრუნოს თითოეული თავისი მოქალაქის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე. გარდა ამისა, სახელმწიფოს, ასევე, ესმის, რომ ჩვენ ამ ბრძოლიდან ისე უნდა გამოვიდეთ, რომ არ დავანგრიოთ არც სახელმწფო, არც ეკლესია, არც ეკნომიკა და გავუფრთხილდეთ მოქალაქეების ჯანმრთელობას” – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ეს რთული გამოწვევაა და აქ ერთმნიშვნელოვანი პასუხი არავის აქვს . “ბევრი ადამიანი ცდილობს, ამ სირთულეზე გარკვეული სპეკულირება მოახდინოს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ სახელმწიფოსაც და ეკლესიასაც სრულად აქვს გათვითცნობიერებული პასუხისმგებლობა, როგორც ადამიანის ჯანმრთლობის, ისე სახელმწიფო ინტიტუტების მნიშნველობის და კანონის დარღვევის, ასევე, ეკლესიის ფუნქციონირების ნაწილში” – თქვა გახარიამ.

გახარიას ინფორმაციით, საპატრიარქოსთან ამ დრომდე მუშაობენ იმისთვის, რომ ოქროს ბალანსი იპოვნონ. მას იმედი აქვს, რომ მოქალაქეები თავად მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას და ეკლესიას არ დააკისრებენ პასუხისმგებლობას, რათა მან მოუწოდოს მრევლს, რომ არ მივიდნენ ეკლესიაში.

„მე პირადად იმედი მაქვს ჩვენი მოქალაქის გონიერების და სიბრძნის და რატომ? იმიტომ, რომ კანონის აღსრულება და ჯანმრთელობის დაცვა ეს არის სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულება, რომელიც სახელმწიფომ უნდა აღასრულოს. ისევე როგორც ეკლესიის არდახურვა და ეკლესიის ფუნქციონირება ბევრი ჩვენი პატივსაცემი მორწმუნე ადამიანისთვის ასევე ეგზისტენციალური საკითხია. ამ შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ გონიერი, ბრძენი მოქალაქე მიხვდება, რომ არ დააკისროს პასუხისმგებლობა ეკლესიას და არ დაელოდოს ეკლესიისგან მოწოდებას, რომ არ მოხვიდეთ ეკლესიაში და არ დაელოდოს სახელმწიფოსგან მოწოდებას, რომ დაარღვიეთ კანონი. ეს არის ის გამოსავალი და ოქროს შუალედი, რომელშიც დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენი მოქალაქე სწორ გამოსავალს იპოვის. რა თქმა უნდა, მთავრობა და მე პირადად მოვუწოდებ ჩვენ მოქალაქეებს, რომ დავრჩეთ სახლში, დავიცვათ ჩვენი ეკლესია და ნუ დავაყენებთ ეკლესიას ასეთ კრიზისულ სიტუაციაში, რომ არჩევანი გააკეთოს. რატომ ჩვენ ვაჟკაცობა არ უნდა გვეყოს? ჩვენი გადაწყვეტილების უნარი არ გვაქვს თუ არ გვაქვს უნარი, ასეთ განსაკუთრებულ სიტუაციაში ჩვენ თავზე ავიღოთ პასუხისმგებლობა ისევე როგორც ეკლესიაზე, ასევე – სახელმწიფოზე. ასეთ შემთხვევაში კარანტინი, რა თქმა უნდა არ დაგვჭირდებოდა და იდეალური რა იქნებოდა იცით? ის, რომ ეკლესია იყოს ღია და კანონი არ დაარღვიოს არავინ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აქ უნდა მივიდეთ. არც ერთ შემთვევაში კანონი არ დაირღვევა, ეს იქნება როგორც სახელმწიფოს, ასევე ეკლესიის მოწოდება. მე პირადად ვიტყვი, რომ ეკლესია არ დაიხურება, განსაკუთრებით სააღდგომო ღამეს“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

პრემიერი, ასევე, გამოეხმაურა ბზობის დღესასწაულზე სამ ადამიანზე მეტის თავშეყრის ფაქტებს და თქვა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებს და პირველ რიგში, შსს-ს ბზობის დღესასწაულზე უფრო ეფექტურად უნდა ემოქმედა.

როგორც ცნობილია, აღდგომის ღამეს ეკლესიებში გასამართ მღვდელმსახურებასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც საპატრიარქოს პრესსპიკერმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ საპატრიარქო ხვალ განაცხადებს.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი  გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

ხვალიდან საქართველოს 4 ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 10 დღით აიკრძალება.

გარდა ამისა, საქართველოს პრემიერმინისტრი საქართველოს პრეზიდენტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მიმართავს.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 296 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.