გახარია: ვაღიარებ, ბზობის დღეს შსს-ს უფრო ეფექტურად უნდა ემოქმედა

731

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის შემოღებული ჯარიმების გამკაცრება არ იგეგება. თუმცა, პრემიერის თქმით, იგეგება აღსრულების გამკაცრება.

ამასთან, გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფო ინსტიტუტებს და პირველ რიგში შსს-ს ბზობის დღესასწაულზე უფრო ეფექტურად უნდა ემოქმედა.

„ჯარიმების გამკაცრება არ იგეგმება, იგეგმება აღსრულების გამკაცრება. აღსრულების გამკაცრების ნაწილში, ვაღიარებ, აბსოლუტურად გულწრფელად, რომ ბზობის დღეს სახელმწიფოს ინსტიტუტებს და პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა ემოქმედა უფრო ეფექტურად. ამას ვაღიარებთ, მაგრამ ჯარიმების კიდევ უფრო გამკაცრებას არ ვგეგმავთ, აღსრულების ნაწილში გამკაცრება და ეფექტურობა იგეგმება,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა დღეს, 14 აპრილს ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა 10 დღით აიკრძალა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი   გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 296 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.