თუ სოკოებივით მომრავლდა ააიპ-ები, აქედან გამოსავალი თვითმმართველობის წართმევა კი არა, ააიპ-ების შემცირებაა, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” და ”საარჩევნო კოდექსში” განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.
„სამწუხაროა, რა ტიპის არგუმენტები დავინახეთ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით. თითქოს ბიუროკრატიული ხარჯები არის გაზრდილი ადგილზე – ამის პასუხად 7 ქალაქს ვართმევთ თვითმმართველობის სტატუსს, ვაჩერებთ იმას, რისი სწავლაც დაიწყო ქალაქმა იმ მარტივი გამოსავლის ნაცვლად, რომ ხელი შევუწყოთ კადრების ოპტიმიზაციაში. მოგეხსენებათ, საჯარო სამსახურშიც არის პრობლემა კადრების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით, მაგრამ ამიტომ კი არ გააუქმეთ საჯარო სამსახური, გაატარეთ ფუნდამენტური ტრანსფორმაცია, იგივენაირად უნდა მოვიქცეთ აქ. ჩვენ მოვისმინეთ, თითქოს ძალიან ბევრი ააიპ-ი არის თვითმმართველობებში. კი ბატონო, თუ სოკოებივით მომრავლდა ააიპ-ები, ამის გამოსავალი თვითმმართველობის წართმევა კი არ არის, არამედ ააიპ-ების შემცირებაა, შესაბამისი ზომების გადადგმა. ახლა ხდება თვითმმართველობების დასჯა მათთვის თვითმმართველობის სტატუსის ჩამორთმევის გზით“, – განაცხადა დოლიძემ.
წყარო: ინტერპრესნიუსი