კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდს – www.stopcov.ge აფხაზური ვერსია დაემატა, – ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, ისევე როგორც კორონავირუსთან დაკავშირებული ნებისმიერი სასარგებლო ინფორმაცია, დღეიდან აფხაზურ ენაზეც იქნება ხელმისაწვდომი.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა საიტის ოსურენოვან ვერსიაზე, რომელიც მოკლე ვადაში ამოქმედდება. ამ ეტაპზე ოფიციალური ვებგვერდი უკვე ხუთ ენაზე ფუნქციონირებს.
უკვე რამდენიმე კვირაა, აქტიურად მუშაობს www.stopcov.ge-ის აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ვერსიები, რაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაცია მშობლიურ ენაზე მიიღონ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 296 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.