ვანის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის მასობრივი თერმოსკრინინგი დასრულდა

428

ვანის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის მასობრივი თერმოსკრინინგი დასრულდა. მუნიციპალიტეტში მედიკოსებისგან დაკომპლექტებულმა 22 ჯგუფმა ტემპერატურა 23 200 მოქალაქეს გაუსინჯა და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საეჭვო სიმპტომები არ გამოვლენილა.

ამასთან, მუნიციპალიტეტში მუშაობას აგრძელებს ორი საკონტროლო გამშვები პუნქტი სოფლებში – ზეინდარსა და მთისძირში.

ვანის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 23 მოქალაქეა, ერთი პირი კი კარანტინში იმყოფება. მუნიციპალიტეტში „კოვიდ 19“ 4 მოქალაქეს აქვს დადასტურებული და ყველა მათგანი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.

ცნობისათვის, ოთხშაბათს, 8 აპრილს ვანის მუნიციპალიტეტში კორინავირუსის სამი შემთხვევა დადასტურდა, მათ შორისაა 75 წლის ქალი, მისი მეუღლე და სიძე. მიმდინარეობს კონტაქტების შესწავლა. სწორედ ამ შემთხვევის გამო, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში კონტროლის გამკაცრების მიზნით ქალაქ ვანის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი   გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 296 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 69 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.