ზვიად შალამბერიძე: იმერეთის რეგიონში ეპიდვითარება კონტროლს ექვემდებარება

943

იმერეთის რეგიონში ეპიდვითარება კონტროლს ექვემდებარება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განუცხადა.

მისი თქმით, კვლავ საყურადღებოა თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სადაც სოფელ ღვანკითში „კოვიდ-19“-ით სამი პაციენტია ინფიცირებული.

ეპიდემიოლოგებმა ათამდე კონტაქტი გამოიკვლიეს და მოქალაქეები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. მათ მედიკოსები აკვირდებიან. სოფელში გრძელდება კონტაქტების კვლევა და ადგილობრივების თერმოსკრონინგი.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი  გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 296 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 68 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.