კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საბჭომ, შესაძლოა, დღეს ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღოს

516

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭო მორიგ შეხვედრას მართავს. შეხვედრაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს და რომელიც დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, დღეს ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ იმსჯელებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, შესაძლოა, საბჭომ ზომების დამატებით გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღოს. საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ტრადიციული ბრიფინგი გაიმართება, რომელზეც აღნიშნული საკითხის გარდა, განცხადება უმუშევრად დარჩენილი პირების დახმარების საკითხზეც გაკეთდება.

საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ განცხადებამდე აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას ავრცელებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომლის განცხადებითაც, საქართველოს მთავრობა უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს 6 თვის განმავლობაში 150 ლარით დააფინანსებს.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი  გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 296 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 68 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.