სოფლის მეურნეობის სამინისტრო: ყველა სასურსათო და პირველადი მოხმარების პროდუქციის მარაგი შევსებულია

594

12 აპრილიდან 30 ივნისამდე ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან (რუსეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყირგიზეთი) რამდენიმე სასურსათო პროდუქტის ექსპორტის აკრძალვა საქართველოს ბაზარზე დეფიციტს არ გააჩენს, – ამის შესახებ აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ახორციელებს.

„სამინისტრო ქვეყანაში არსებულ სასურსათო მარაგებზე და მათ შევსებაზე, სავაჭრო ქსელებში პროდუქციით შეუფერხებელ მიწოდებაზე და ფასებზე მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს. გარდა ამისა, სამინისტრო მუშაობს ბაზრების დივერსიფიცირების მიმართულებით. დღეისთვის საქართველოში სასურსათო და პირველადი მოხმარების პროდუქციის იმპორტი არაერთი ქვეყნიდან ხორციელდება. მიუხედავად ამისა, დამატებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები ალტერნატიული ბაზრების მოძიებაზე და ამ ბაზრებიდან იმპორტის განხორციელებაზე“,- აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 266 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 67 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.