თელავში აგრარულმა ბაზარმა, შესაძლოა, ფუნქციონირება განაახლოს

1214

თელავის მუნიციპალიტეტში, აგრარულმა ბაზარმა შესაძლოა ფუნქციონირება გაანახლოს.

როგორც აგრარული ბაზრის დირექტორმა Knews-ს განუცხადა, ბაზრის ტერიტორიაზე, უსაფრთხოების ნორმების დაცვით, დაიწყო  მოწესრიგება, რაც მათ საშუალებას მისცემთ ბაზარი უახლოეს მომავალში გაიხსნას.

,,გადაიხურება გარკვეული დახლები, ბაზრის ტერიტორიაზე გამოვიყვანთ წყალს და ამოივსება ორმოებიც. რამდენიმე დღეში შეგვამოწმებს სურსათის უვნებლობის სამსახური და თუ დავაკმაყოფილებთ უსაფრთხოების ნორმებს, მუშაობას განვაახლებთ”, – განუცხადა knews -ს მერაბ თურქოშვილმა.

თელავის აგრარული ბაზარი 5 აპრილს დაიხურა. თელავის ბაზარში ოთხმოცზე მეტი მოვაჭრე და ათობით მცირე მაღაზია მუშაობდა. ბაზარი ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული და არამხოლოდ თელავის, კახეთის სხვა მუნიციპალიტეტების მოსახლეობასაც ემსახურებოდა.

ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის, აგრარული ბაზრები ეტაპობრივად დაიხურა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი  გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 266 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 67 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.