გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე ამბობს, რომ მთავრობას 9 ძირითადი სასურსათო პროდუქტის ფასის შენარჩუნებისთვის სუბსიდირების ხელშეკრულებები 20-მდე კომპანიასთან აქვს გაფორმებული.
კერძოდ კი, ეს პროდუქტებია – ბრინჯი, ლობიო, მაკარონი, წიწიბურა, შაქარი, ხორბალი, ფქვილი, ზეთი და რძის ფხვნილი.
“20-მდე სხვადასხვა მსხვილ იმპორტიორთან გვაქვს შეთანხმება უკვე გაფორმებული. ეს არის სწორედ ამ ძირითადი პროდუქციის შემომტანი პირები – წიწიბურა, შაქარი, მაკაონი, ფქვილი, რძის ფხვნილი, ზეთი და ასე შემდეგ. ჩვენ სისტემურად თუ შევხედავთ, მსხვილი იმპორტიორები და მსხვილი სავაჭრო ქსელები მათ ფასი არ გაუძვირებიათ ამ პროდუქციაზე,”- ამბობს კალანდაძე.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარია და მისი ამოქმედების შედეგად, მთავრობის მიერ შერჩეულ 9 დასახელების სასურსათო პროდუქტზე ფასები სუბსიდირების გზით უცვლელად შენარჩუნდება.
თენგიზ კალანდაძე საუბნო მაღაზიებს აფრთხილებს, რომ იმ შემთხვევაში თუ მათგან ამ პროდუქტებზე ფასის “სპეკულაციური” მატება მოხდება, სახელმწიფოს ამ ბიზნეს ოპერატორების დაჯარიმებაც შეეძლება.
“მაღაზიებმა ეს ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენ საკმაოდ მკაცრი სანქციები გვაქვს გაწერილი, განსაკუთრებით საგანგებო მდგომარეობის ვითარება გვაძლევს ამის საშუალებას. თუმცა, ჩვენ გვაქვს უფრო სოლიდარული ურთიერთობა. თუმცა ჩვენ შეგვიძლია შემოწმება სხვა უწყებებთან ერთად, როგორიცაა შემოსავლების სამსახური, შეგვიძლია ვნახოთ ღირებულებათა ჯაჭვში სად მოხდა გაძვირება, იყო ეს იმპორტის, დისტრიბუციის თუ საცალო გაყიდვის არხი და მოხდა თუ არა ფასის სპეკულაციური გაძვირება. ჩვენ ამის გაკეთებაც შეგვიძლია, რომ მკაცრად დავუდგინოთ ფასი, თუმცა ჯერჯერობით ჩვენ ამის გაკეთება არ დაგვჭირვებია,”- ამბობს თენგიზ კალანდაძე.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 266 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 67 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.