რომან კაკულია: პოსტ-კრიზისული გეგმის შესახებ მსჯელობაში ოპოზიციური სპექტრიც უნდა იყოს ჩართული

885

წინა სტატია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია აცხადებს, რომ პოსტ-კრიზისული გეგმის შესახებ მსჯელობაში ოპოზიციური სპექტრიც უნდა იყოს ჩართული.

„ვიზიარებ იმ ნაწილს, რომ მსჯელობები უნდა იყოს და ამაში ოპოზიციური სპექტრი უნდა ჩაერთოს. თუ დემოკრატიაზე გვაქვს პრეტენზია და ამაზე უარი არ გვითქვამს კორონავირუსის გამო, ამ ვალდებულებას ვერავინ გააუქმებს“,-აღნიშნა კაკულიამ კომიტეტის სხდომაზე.

მისივე ინფორმაციით, იგეგმება კომიტეტებსა და მთავრობას შორის კომუნიკაციის ახალი ფორმატის შემუშავება.

„ამ კვირაში მთავრობასთან კომუნიკაციის ფორმატის დახვეწა იგეგმება უშუალოდ კომიტეტის კონტექსტში და არა არსებული ფორმატებით. შევქმნით განახლებულ ფორმატს, სადაც ცალკე კომიტეტებსა და სამინისტროებს ერთმანეთთან კომუნიკაცია ექნებათ“,-აცხადებს კაკულია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოქმედი 5 ბიზნესგაერთიანება ახალი კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობისა და სასწრაფოდ მისაღები კონკრეტული ნაბიჯების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ხუთი ბიზნესგაერთიანება საქართელოს მთავრობას 5 რეკომენდაციაზე მიუთითებს, რომელიც, მათი თქმით, სასწრაფოდ მისაღებია.

“ევროპული საქართველოს” განცხადებით, საქართველოს მთავრობისთვის ბიზნესასოციაციის მიერ წარდგენილ წინადადებას მხარს უჭერენ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა,  ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი  გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 266 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 67 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.