„ევროპული საქართველო” სრულად უჭერს მხარს იმ წინადადებებს, რაც საქართველოს ხუთმა ბიზნეს ასოციაციამ წარუდგინა მთავრობას, როგორც სასწრაფოდ გადასადგმელი ნაბიჯების ჩამონათვალი. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს.
„ევროპულ საქართველოში” განმარტავენ, რომ სამი კვირის წინ მათ მიერ წარდგენილი კომპლექსური ანტი-კრიზიული გეგმა, მოიცავს ბიზნეს-ასოციაციების მიერ წარდგენილ წინადადებებსაც.
„ეს წინადადებია: საშემოსავლო გადასახადის განულება 4 თვით (20%-დან 0%-მდე დაყვანა), ხოლო შემდეგი 4 თვით განახევრება (20%-დან 10%-მდე დაყვანა); ქონების გადასახადის განულება 2020 წელს; ნავთობპროდუქტებზე აქციზის 25%-ით შემცირება შემდგომი 8 თვის განმავლობაში; საპენსიო ფონდში გადახდების 8 თვით შეჩერება მეწარმეებს დაუტოვებს 83.1 მლნ ლარს;
საპენსიო ფონდში საკუთარი დასაქმებულებისათვის დამატებული 2%-ის უკან დაბრუნებით მეწარმეები დაიბრუნებენ 175 მლნ ლარს; დამატებითი ღირებულების გადასახადის ნაცვლად, „შალეს თახ”–ის შემოღება, რაც ნიშნავს დღგ-ს გადახდის ვალდებულებას რეალიზაციიდან გამომდინარე, ნაცვლად იმპორტირებისას გადახდისა,“- აღნიშნავენ „ევროპულ საქართველოში“.
როგორც პარტიაში განმარტავენ, მათი გეგმა, პირველ რიგში, ხალხისთვის დახმარების გაწევას ითვალისწინებს.
„ეს გულისხმობს შემდეგ ნაბიჯებს: სახელმწიფო 8 თვის მანძილზე აუნაზღაურებს ხელფასის ან სახელფასო დანაკლისის 50%-ს: უსამსახუროდ დარჩენილებს; უხელფასო შვებულებაში გაშვებულებს; მათ, ვისაც ხელფასი შეუმცირდათ; სახელმწიფო ერთჯერადად 200 ლარს გადასცემს შემდეგი კატეგორიების ოჯახებს: სოციალურად დაუცველები; თვითდასაქმებულები, რომელთა ოჯახური წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 ათას ლარს; პენსიონერები, რომლებიც ცხოვრობენ ისეთ ოჯახში, რომლის წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 ათას ლარს.
საპენსიო ფონდში დაგროვებული თანხის დასაქმებულებისთვის დაბრუნებით 960 000 ადამიანი დაიბრუნებს 474 მლნ ლარს; საპენსიო ფონდში გადახდების 8 თვით შეჩერება დასაქმებულებს და მეწარმეებს დაუტოვებს 108.2 მლნ ლარს.
კრიზისთან ბრძოლის 5.23 მლრდ ლარის გეგმის დაფინანსების წყარო: საბიუჯეტო ხარჯების შემცირება და საპენსიო ფონდის საბიუჯეტო შენატანის 8 თვით შეჩერება: 1.82 მლრდ ლარი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მოზიდული 1.1 მლრდ დოლარი,“- აცხადებენ „ევროპულ საქართველოში“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოქმედი 5 ბიზნესგაერთიანება ახალი კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობისა და სასწრაფოდ მისაღები კონკრეტული ნაბიჯების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ხუთი ბიზნესგაერთიანება საქართელოს მთავრობას 5 რეკომენდაციაზე მიუთითებს, რომელიც, მათი თქმით, სასწრაფოდ მისაღებია.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 266 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 67 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.