დავით ერემეიშვილი: ვრჩები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად, რომ არ შეფერხდეს დაგეგმილი პროექტები

826

ვრჩები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად,  რომ არ შეფერხდეს ქუთაისში დაგეგმილი პროექტები,-  აცხადებს დავით ერემეიშვილი, რომელიც დეღეიდან ოფიციალურად  ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელია. ამის შესახებ ნიუპრესი წერს. 

ქალაქის მერიის ფეისბუკ გვერზე გამოქვეყნებულ წერილში დავით ერემეიშვილი  ქალაქის ყოფილ მერს გიორგი ჭიღვარიას მადლობა უხდის გაწეული საქმიანობისათვის და  მიმოიხილავს   2017 წლიდან ქალაქში განხორციელებულ და ასევე  დაგეგმილ პროექტებს.

“როგორც ცნობილია, 8 აპრილს, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან წავიდა. 2017 წლის ნოემბრიდან , თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, გიორგი ჭიღვარიამ, გუნდთან ერთად, ქალაქში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. ყოველწლიურად გაზრდილი ბიუჯეტი გვაძლევს უფრო და უფრო მეტი კარგი საქმეების კეთების საშუალებას. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პროექტებია დაგეგმილი უახლოესი პერიოდისთვის, რომელთაგან გამოვყოფდი რიონისპირა სახლების რეაბილიტაციას, მუნიციპალურ ტრანსპორტს, ოლიმპიური აუზის მშენებელობას, გაგრძელდება საგზაო და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ქალაქს შეემატება ახალი სარეკრეაციო ზონები.

მადლობა მინდა ვუთხრა გიორგი ჭიღვარიას გუნდის სახელით ქალაქისთვის გაკეთებული სასიკეთო საქმეებისთვის, ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და წარმატებები ვუსურვო !
ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, მე ვრჩები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად იმისთვის, რომ არ შეფერხდეს ქუთაისში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული, სოციალური, კულტურული თუ სხვა პროექტები და ამ რთულ პერიოდშიც ღირსეულად გავუმკლავდეთ ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს”, – აცხადებს  დავით ერემეიშვილი.

შეგახსენებთ, ქუთაისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად დავით ერემეიშვილი დაინიშნა. გიორგი ჭიღვარია ორი დღის წინ პოსტიდან პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა.