დღეს ქუთაისის საკრებულომ მე-12 რიგგარეშე სხდომაზე გიორგი ჭიღვარიას განცხადება ქუთაისის მერის უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე ცნობად მიიღო.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჭიღვარიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება 8 აპრილს გააკეთა. ქალაქის მერის მოვალეობას დავით ერემეიშვილი შეასრულებს.
„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი ჭიღვარიას გაწეული საქმიანობისათვის. ამ პერიოდის განმავლობაში, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, უშუალოდ მის მიერ და ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით, განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, სოციალური თუ ინფრასტრუქტურული მიმართულებით. დღეს, საკრებულომ ცნობად მიიღო გიორგი ჭიღვარიას ოფიციალური განცხადება, ქუთაისის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. თავისი გადაწყვეტილება ბატონმა გიორგიმ მოსახლეობას გააცნო სოციალური ქსელის მეშვეობით, სადაც მან დააფიქსირა მისი პოზიცია. ჩემი როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის მოვალეობა და პასუხისმგებლობა არის, პატივი ვცე მის გადაწყვეტილებას. მინდა წარმატება ვუსურვო მას შემდეგ საქმიანობაში. ამასთან, ჩვენი ქვეყანა და ქალაქი დგას კორონავირუსის მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე. ადგილობრივი თვითმმართველობის მთავარი პრიორიტეტი, ერთი მხრივ, არის ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვა, მეორე მხრივ კი ბიზნეს და სამეწარმეო სექტორის მხარდაჭერა, შექმნილ ვითარებაში მოქალაქეების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად მონაწილეობს აღნიშნული პრიორიტეტების ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებში. ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მნიშვნელოვანია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა მაქსიმალურად ეფექტიანად განახორციელონ პრევენციული თუ ქალაქის ეკონომიკური განვითარების მდგრადობის მხარდამჭერი პროექტები. მინდა წარმატება ვუსურვო მერის მოვალეობის შემსრულებელს, ბატონ დავით ერემეიშვილს და აღმასრულებელი რგოლის თითოეულ წარმომადგენელს ამ ურთულეს საქმეში.“ – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შენგელიამ.
საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, საკრებულოს სხდომა ჩატარდა მერიის თეთრ დარბაზში, შესაბამისი დისტანციის უზრუნველყოფით.
“მოქალაქეებისთვის ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში მიწოდების და უსაფრთხო კომუნიკაციის უზრუნველყოფის მიზნით 10 აპრილის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გადაიცა ტელეკომპანია რიონის ეთერში, სადაც მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ სხდომის მიმდინარეობისთვის თვალყური ედევნებინათ”, – განმარტავენ საკრებულოში.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭო გიორგი ჭიღვარიას განმარტების გაკეთებისაკენ მოუწოდებს.