რუსეთის საზღვარი, რომელიც დეფაქტო სამხრეთ ოსეთს ემიჯნება, 1 მაისამდე იქნება ჩაკეტილი. ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის მედია ავრცელებს.
როკის გვირაბით სარგებლობა მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეუძლია, ვისაც ცხინვალის რეგიონში დაბრუნება სურს. ბიბილოვის მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ადამიანებმა გამშვებ პუნქტს დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე უნდა მიაკითხონ.
ამასთანავე, დეფაქტო სამხრეთ ოსეთში რუსეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები ვალდებულნი არიან 14-დღიანი საკარანტინო პერიოდი გაიარონ.
დღეს, ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ რესპუბლიკაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 27-ს მიაღწია. ბოლო ოცდაოთხი საათის განმავლობაში ვლადიკავკაზის სამედიცინო პუნქტში 5 ახალი პაციენტი მიიყვანეს.
ცნობისათვის, სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა, თავდაპირველად, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება 27 თებერვალს მიიღო, ისიც მხოლოდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით. ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტი გაჩნდა.
2020 წლის 1 მარტიდან, კი მსოფლიოს იმ 62 ქვეყნის მოქალაქეს, სადაც კორონავირუსი გავრცელდა, დეფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში “შესვლაზე” შეზღუდვები დაუწესდა.
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 13 აპრილამდე კარანტინია გამოცხადებული. კარანტინის წესების დარღვევაზე კი ჯარიმაა შემოღებული.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 230 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 54 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.