ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, დღეის მონაცემებით 122 საწარმოა შემოწმებული. 58 კომპანიიდან კი, რომელთაც უფლებამოსილების განხორციელება დროებით შეუჩერდათ, საქმიანობის უფლების აღდგენაზე სამინისტროს ხელახლა მიმართეს, თუმცა 20-მა კომპანიამ კვლავ ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები და საქმიანობის განხორციელების გაგრძელებაზე ისევ უარი მიიღეს.
„საწარმოების ინსპექტირება გეგმაზომიერად მიმდინარეობს. დღეის მონაცემებით 122 საწარმო იქნა ინსპექტირებული. აქედან დიდი ნაწილი არის ის სისტემური მსხვილი საწარმოები, რომლებიც არ გაჩერებულან და აგრძელებენ მუშაობას. ჩვენ დიდი შენიშვნები ამ ნაწილში არ გვაქვს, რადგან ამ საწარმოებმა სწრაფად შეძლეს მორგება ახალ პირობებზე, ადაპტირება და უსაფრთხოების წესების დაცვა სამედიცინო გაიდლაინების მიხედვით. ასევე 58 საწარმო და სამშენებლო კომპანიაა, რომელიც ჩართულია ინფრასტრუქტურულ პროექტებში და მათ დროებით შეუჩერდათ საქმიანობის უფლება და ახლა მოგვმართეს რომ უფლება აღუდგეთ. აქედან, სამწუხაროდ, 20-მა კომპანიამ ვერ მიიღო დადებითი დასტური ამასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ჰქონდათ მთელი რიგი ხარვეზები და მათ განემარტათ ეს ყველაფერი. ეს პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს და ჩვენ პერიოდულად მოგაწვდით ამის შესახებ ინფორმაციას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მთავრობის რამდენიმე დადგენილებებით განსაზღვრულია იმ კომპანების სია, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის დროს საქმიანობა არ ეზღუდებათ. 6 აპრილიდან კი მთავრობამ ამ საწარმოების შემოწმება დაიწყო, თუ როგორ ასრულებენ ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 230 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 54 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.