ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთში თანამედროვე სტანდარტების კულტურის სახლი შენდება. კულტურის სახლში განთავსდება დიდი საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა და სხვადასხვა საბავშვო კლუბი.
აჭარის მთავრობის მეთაურის ზურაბ პატარაძის თქმით, კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად მუნიციპალიტეტში ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.
“ჩვენ ვიმყოფებით ხულოს მუნიციპალიტეტში. ვადევდნებთ თვალ-ყურს სხვადასხვა პროექტის განხორციელებას. ახლა ვიმყოფებით სოფელ რიყეთში.
თანამედროვე ტიპის კულტურის სახლიში განთავსდება ბიბლიოთეკა, არის გათვალისწინებული ძალიან საინტერესო სივრცეები ბავშვთა კლუბებისთვის. აქვე, რიყეთში, დავათვალიერეთ ახალაშენებული ე.წ. თემის სახლი, რომელშიც, ყველაფერთან ერთად, სამი სასტუმრო ნომერია განთავსებული და ახალი სამუზეუმო სივრცეც.
ვფიქრობ, მსგავსი ობიექტები ხელს შეუწყობს რეგიონის და მაღალმთიანი აჭარის განვითარებას. პრიორიტეტია მაღალმთიან აჭარაში ახალგაზრდების დასაქმება, მათი კულტურულ ღონისძიებებში ჩართულობა. ეს ყველაფერი ხელს უწყობს მთის განვითარებას. ძალიან ბევრი ტურისტი ამოდის. ბევრი ინტერესდება ჩვენი კულტურითა და ტრადიციებით. მათ ძალიან მალე მიეცემათ საშუალება დაისვენონ და გაეცნონ სოფელ რიყეთის კულტურის სახლს“ – აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
კულტურის სახლში მიმდინარე სამუშაოებს შპს „დიოკნისი“ ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 561614 ლარი. მშენებლობაზე 14 კაცია დასაქმებული. კულტურის სახლის მშენებლობა მალე დასრულდება.
ზურაბ პატარძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კულტურის სახლთან შეკრებილ მოსახლეობას გაესაუბრნენ და მათგან მოისმინეს ინფორმაცია სოფელში არსებული მდგომარეობის შესახებ.
წყარო: აიპრესი