ნათია თურნავა: ათზე მეტმა საწარმომ ხარვეზების გამო საქმიანობა ვერ აღადგინა

412

მთავრობის დადგენილებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ბოლო სამ დღეში 100-ზე მეტ საწარმოში ჩაატარა ინსპექტირება. აღნიშნულის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. ნათია თურნავას თქმით, 10 ზე მეტმა საწარმომ საქმიანობის უფლება ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინებთან მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო ვერ აღიდგინეს.

„მისასალმებელია, რომ კომპანიების დიდი წილი გაეცნო ყველა გაიდლაინს და იქ არსებული სამუშაო პირობები მაქსიმალურად პასუხობს ყველა მოთხოვნას. მცირე ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, მათ აქვს უნარი იმისა, რომ ადგილზევე გამოასწორონ ისინი.

საწარმოებს, რომელბმაც ვერ გამოასწორეს პირობები მიეცათ მითითება და განმარტება. დიდი იმედი მაქვს, რამდენიმე დღეში ეს კომპანიები კვლავ მოგვმართავენ და ადგილზე ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული დაგვხვდება და ჩვენც შევძლებთ მათ განაცხადი დავაკმაყოფილოთ,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინების მოთხოვნების დაკმაყოფილებას ქართული საწარმოები რაც უფრო მალე შეძლებენ, რომელიც, პირველ რიგში, პერსონალის პირადი დაცვის საშუალებებით აღჭურვას გულისხმობს, მით უფრო მალე ამოქმედდებიან ისინი.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 209 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 214 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 50 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.