ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 115 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 115 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 8 აპრილის 21 საათიდან 9 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 73 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 15 მოქალაქე დააჯარიმა. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 27 პირი დააჯარიმეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით“,- აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 209 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 214 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 50 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.