ევროკავშირი საქართველოს ახალი კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად 183 მილიონი ევროს მოცულობის თანხას გამოუყოფს.
ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის დირექტორი ლოურენს მერედითი „ტვიტერზე“ წერს და შესაბამის ცხრილს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც ევროკავშირი 80 მილიონ ევროს დაუყოვნებლივი საჭიროებებისთვის, ხოლო 883 მილიონ ევროს, მოკლევადიანი მხარდაჭერისთვის გამოყოფს. აღნიშნული თანხიდან 183 მილიონ ევროს საქართველო მიიღებს.
https://twitter.com/LMeredithEU/status/1247853639630229505
ასევე დახმარებას მიიღებენ ქვეყნები: სომხეთი – 92 მილიონი ევრო, აზერბაიჯანი -14 მილიონი ევრო, ბელარუსი – 60 მილიონი ევრო, მოლდოვა – 87 მილიონი ევრო, უკრაინა – 190 მილიონი ევრო.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 209 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 214 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 50 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.