მუნიციპალიტეტების მერების გადადგომა გრძელდება – როდის უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები

1246

მერების გადადგომა გრძელდება. ბოლო ორ თვეში კასპის, თერჯოლის, ონის და ქუთაისის მუნიციპალიტეტების მერებმა თანამდებობები დატოვეს.

ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია თანამდებობიდან დღეს გადადგა. მისი განცხადებით,  პოსტს პირადი გადაწყვეტილებით ტოვებს, თუმცა, წასვლის მიზეზებზე არ უსაუბრია.

5 აპრილს დაკავებული თანამდებობა ონის მერმა ემზარ საბანაძემაც დატოვა. მასთან ერთად წავიდა მერის პირველი მოადგილეც. ამ დრომდე არც ონის ყოფილ მერს გაუკეთებია განმარტება, თუ რატომ გადადგა.

ასევე, პირველ აპრილს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ და მერის პირველმა მოადგილემ მანუჩარ ფაჩულიძემ თანამდებობები დატოვეს.

9 მარტს კასპის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ მერებაშვილი გადადგა. მერებაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

რა მოხდება ქუთაისის, ონის, თერჯოლისა და კასპის მერების გადადგომის შემდეგ, რას ითვალისწინებს კანონი და როდის ეყოლება მუნიციპალიტეტებს ახალი მერი? კანონით გათვალისწინებული რეგულაციების შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.

მერის უფლებამოსილების შეწყვეტასა და ახალი მერის არჩევას, თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსები არეგულირებს.

თვითმმართველობის შესახებ კოდექსის 56–ე მუხლის მიხედვით, მერის მიერ პოსტის დატოვების ერთ–ერთი საფუძველი პირადი განცხადებაა. რადგან ქუთაისის, ონის, თერჯოლისა და კასპის მერებმა პოსტი სწორედ ამ ფორმით დატოვეს, მათ საკრებულოს თანხმობა აღარ სჭირდებათ.

რაც შეეხება მერის მოვალეობის შემსრულებელს, ამავე კოდექსის 56–ე მუხლის მიხედვით, აღნიშნულ პოზიციაზე პირველი მოადგილე ინიშნება, რომელიც მოვალეობას ახალი მერის არჩევამდე შეასრულებს.

ახალი მერი კი ქალაქს მხოლოდ არჩევნების ჩატარების შემდეგ ეყოლება, თუმცა, რადგან გიორგი ჭიღვარიამ, ემზარ საბანაძემ, ბონდო სოფრომაძემ და მანუჩარ მერებაშვილმა პოსტები არასაარჩევნო წელს დატოვეს, ახალი მერის ასარჩევად რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების დრო მაისი ან ოქტომბერია. თუ მერი პოზიციას 15 თებერვლიდან 15 ივლისის ჩათვლით ტოვებს, მაშინ არჩევნები შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს, ხოლო თუ 15 ივლისიდან 15 თებერვლის ჩათვლით – გაზაფხულზე.

შესაბამისად, ქუთაისში, ონში, თერჯოლასა და კასპში მერის რიგგარეშე არჩევნები ცესკომ ოქტომბერში უნდა დანიშნოს.

რაც შეეხება ახალი მერის უფლებამოსილების ვადებს, რიგგარეშე არჩევნების გზით არჩეული მერი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედების ვადით ირჩევა, ანუ, ახალი მერი თავისი უფლებამოსილების ვადას 2021 წელს, საკრებულოსთან ერთად დაასრულებს.

2021 წელს კი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება.