ჯანდაცვის მინისტრი: შეკვეთილია 84 ათასი PCR ტესტი, 24 ათასი ანტისხეულების ტესტი და იგეგმება 200 000 სწრაფი ტესტის შემოტანა

597

ამ ეტაპისთვის საქართველოში დამატებით შემოსულია 10 000 ოქროს სტანდარტის PCR ტესტი, ხოლო გზაშია კიდევ 18 000 ცალი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, ანტისხეულების 4 000 ტესტი უკვე საქართველოშია, ხოლო ამავე ტიპის 20 000 ტესტი გზაშია. რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, ამ ეტაპზე ქვეყანაში მათი რაოდენობა 2 000-ია, თუმცა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც მათი უსაფრთხოება და მაღალი სანდოობა დამტკიცდება, იგეგმება კიდევ 200 000 ცალის შემოტანა.

„აქ წარმოდგენილი მაქვს ჩვენი შესყიდვების მიერ განხორციელებული ხელშეკრულების საფუძველზე ტესტების ზუსტი რაოდენობა. ამ ეტაპისთვის საქართველოში გვაქვს 2 000 ოქროს სტანდარტის PCR ტესტი, დამატებით კიდევ შემოსულია 10 000 ტესტი, ხოლო გზაში არის 18 000 ტესტი. შეკვეთის საერთო რაოდენობა არის 84 ათასი ტესტი. გარდა ამისა, ადგილზე უკვე არის 4 000 ანტისხეულების ტესტი, გზაში არის 20 000 ტესტი. გაფორმებული ხელშეკრულებით, მათი საერთო რაოდენობა არის 24 ათასი. რაც შეეხება იმ სწრაფ ტესტებს, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ასე ძალიან ელოდებიან, მას საკმაოდ ფრთხილი გამოყენება და მეტი მეთვალყურეობა სჭირდება. აქედან გამომდინარე, ამ სწრაფ ტესტებს ჩვენ მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში გამოვიყენებთ. მათი რაოდენობა ქვეყანაში ამ ეტაპზე არის 2 ათასი, გზაში არის 52 ათასი. რაც შეეხება შეკვეთის საერთო რაოდენობას, მას შემდეგ რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხრიდან დადასტურებული იქნება ამ სწრაფი ტესტების უსაფრთხო და მაღალი სანდოობის გამოყენების სტანდარტი, გვაქვს გეგმაში, რომ დამატებით 200 000 შემოვიტანოთ ქვეყანაში,“ – განაცხადა ტიკარაძემ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 208 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 38 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2. კარანტინის რეჟიმშია 4682 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 375 ადამიანი.