ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, შრომის ინსპექციასთან ერთად 76 კომპანია შემოწმდა, მათგან 40-ს საქმიანობა ჰქონდა შეჩერებული. როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 40-დან 26-ს საქმიანობის გაგრძელების უფლება მიეცა, 14-ს კი ხარვეზები დაუდგინდა და მათ გამოსასწორებლად დრო მიეცა.
“ბიზნესის ადაპტაციის პროცესი მიმდინარეობს გეგმაზომიერად და საკმაოდ წარმატებით. 6-7 აპრილის განმავლობაში ჩვენი და შრომის ინსპექციის გაერთიანებული ძალებით მოხერხდა 76 კომპანიის შემოწმება მთელი საქართველოს მასშტაბით. აქედან ნახევარზე მეტი, 40 კომპანია არის ის, ვისაც დღეს შეჩერებული აქვს საქმიანობა დროებით და მათ შემოიტანეს განაცხადი აპლიკაციის სახით და მოითხოვეს აღდგენა ბიზნესსაქმიანობის. ამ 40 კომპანიიდან დაკმაყოფილდა 26-ის განაცხადი და 14-ს დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა გარკვეული დრო, რომ მათ ეს ხარვეზები გამოასწორონ და ამის შემდეგ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ გარკვეული შემოწმების შედეგები იქნება უფრო უკეთესი და ეს კომპანიებიც შეძლებენ, რომ ყველა ხარვეზი აღმოფხვრან და სრულიად დაცულები იყვნენ ისინიც და მათი თანამშრომლებიც ეპიდემიის გავრცელების რისკებისგან”, – განაცხადა თურნავამ.
მისივე თქმით, სამინისტროს აქვს გარკვეული პრიორიტეტები, თუ რომელ ბიზნესს შეამოწმებს უფრო ადრე.
“ეს პროცესი ყოველდღიურად გაგრძელდება. ჩვენ რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმებით ვსახავთ პრიორიტეტებს, თუ რომელ ბიზნესს შევამოწმებთ უფრო ადრე. პირველ რიგში, ეს არის მიწოდებათა ჯაჭვი, რომლითაც ესა თუ ის ბიზნესი ემსახურება და აწვდის თავის პროდუქციას კრიტიკულად მნიშვნელოვან საწარმოებს, იქნება ეს კვების ინდუსტრიისთვის, გარკვეული მასალებისა და საქონლის მიწოდება, სამედიცინო დარგისთვის მიწოდება თუ სისტემაშემქმნელი საწარმოებისთვის ღირებულებათა ჯაჭვში გარკვეული პროდუქციის ან სერვისის მიწოდება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, თუ რამდენად მოახერხა ამა თუ იმ საწარმომ გადაწყობა და ეფექტურად გადაიყვანა ონლაინ ან დისტანციურ რეჟიმში საკუთარი ბიზნესპროცესები”, – აღნიშნა მინისტრმა.
მთავრობის რამდენიმე დადგენილებებით განსაზღვრულია იმ კომპანების სია, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის დროს საქმიანობა არ ეზღუდებათ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 208 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 48 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.