ჩიქოვანი: კონტროლის გამკაცრების ზომა და ხარისხი დაეყრდნობა იმ ვითარებას, რაც კონკრეტულ მუნიციპალიტეტში იარსებებს

421

საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსპიკერის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოში კონტროლის გამკაცრების ზომა და ხარისხი დაეყრდნობა იმ ვითარებას, რაც კონკრეტულ მუნიციპალიტეტში იარსებებს. ასე უპასუხა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის შემდეგ ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას, რომელიც რომელიმე ახალი რეგიონის საკარანტინო ზონად გამოცხადებას ან მის ჩაკეტვას შეეხებოდა.

„ყველა გადაწყვეტილება დაეყრდნობა იმ რეალობას და იმ ვითარებას, რაც იარსებებს კონკრეტულ მუნიციპალიტეტში. გამკაცრების ზომა, გამკაცრების ხარისხი და შეზღუდვების ხარისხი იქნება დაყრდნობილი იმ მონაცემებზე, რა მონაცემებით გვექნება. დღეს არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, ორი მუნიციპალიტეტი იმყოფება სრულ კარანტინში, 10 მუნიციპალიტეტი იმყოფება სპეციალური კონტროლის რეჟიმში. პრაქტიკულად მიმდინარეობს  პროაქტიული თერმოსკრინინგი, ამას გავაგრძელებთ და არსებული ვითარების შესაბამისად, მივიღებთ სხვა დანარჩენ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 208 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 48 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.