ვანის მუნიციპალიტეტის შესასვლელებში საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოეწყობა

626

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვანის მუნიციპალიტეტში შემოღებული იქნა იგივე რეგულაცია, რაც საქართველოს დანარჩენ ცხრა მუნიციპალიტეტში მოქმედებს, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, ჩატარდება პროაქტიური თერმოსკრინინგი, ასევე მუნიციპალიტეტის გასასვლელებში მოეწყობა სპეციალური გამშვები პუნტქები.

„დღეს საკოორდინაციო საბჭოს წევრების მორიგი სხდომა ჩატარდა, თუმცა განსხვავებულ, ტელეკონფერენციის ფორმატში იყო სხდომა ჩატარებული და მიღებულ იქნა რამდენიმე გადაწყვეტილება.

როგორც თქვენთვის ცნობილია, დღესდღეისობით საქართველოში გვაქვს  „კოვიდ 19“-ის 208 შემთხვევა, 48 გამოჯანმრთელებული, სავალდებულო კარანტინში იმყოფება 4 682 ადამიანი, სამწუხაროდ, გვაქვს სამი ლეტალური შემთხვევა.

გარდა ამისა, არის რამდენიმე ახალი შემთხვევა, რომელიც ერთ შემთხვევაში უკავშირდება ვანის მუნიციპალიტეტს, მიმდინარეობს ამ შემთხვევის შესწავლა. დადგენილია გარკვეული კონტაქტები, ასევე მიმდინარეობს ამ კონტაქტებთან მუშაობა, მაგრამ ამ ეტაპისთვის მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ვანის მუნიციპალიტეტში შემოვიღოთ იგივე რეგულაცია, რაც საქართველოს დანარჩენ ცხრა მუნიციპალიტეტში მოქმედებს. შესაბამისად, იქნება პროაქტიური თერმოსკრინინგი, მუნიციპალიტეტის გასასვლელებში მოეწყობა სპეციალური გამშვები პუნტქები, სადაც მოხდება თერმოსკრინინგი ჩვენი თანამოქალაქეების. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე ანალოგიური განხორციელდება“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

31 მარტიდან პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის და გორის, თელავისა და ახალციხის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 208 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 48 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.