კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით დევნილთა ჩასახლებებში მცხოვრებ მოსახლეობას საკვები პროდუქტები გადაეცათ. ინფორმაციას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრეს-სამსახურის ცნობით, ამ ეტაპისთვის უკვე 3 000-მდე ოჯახმა მიიღო სურსათი და ასევე, კიდევ დამატებით 2 000-მდე ოჯახისთვის იგეგმება გადაცემა. გარდა დევნილთა ჩასახლებისა, სასურსათის მარაგი რამდენიმე ათეული ვეტერანის ოჯახსაც გადაეცა.
“ერთობლივი ძალისხმევით, შევძლებთ რომ მოსახლეობას გარკვეული მარაგი მივაწოდოთ. ასევე, კერძო სექტორი აქტიურადაა ჩართული საქველმოქემდო ღონისძებებში და კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას,” – აღნიშნა რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტის სოციალური სასადილოდან ყოველდღიურ რეჟიმში მოსარგებლეებზე საკვები გაიცემა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 208 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 48 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.