კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქუჩები შიდა ქართლის ოთხივე ქალაქში მოირეცხება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
გამოცემის ცნობით, ქუჩების მორეცხვა შიდა ქართლში კასპიდან დაიწყება.
“თუ წვიმამ არ შეუშალა ხელი, სამუშაოები დღეიდან კასპში დაიწყება,” – განაცხადეს სამხარეო ადმინისტრაციის პრეს-სამსახურში.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით, ქუჩების მორეცხვა თბილისში რამდენიმე დღის წინ დაიწყო. თბილისის მერის ცნობით, ჯამში 50-მდე ქუჩა დამუშავდება.
გზის სავალი ნაწილისა და ტროტუარების მორეცხვის სამუშაოები სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ხორციელდება. პროცესში ასევე, ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.
სპეციალური ხსნარით ირეცხება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები. პარალელურად, გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქში არსებულ ხიდებს, პანდუსებსა და ნაგავშემკრებ კონტეინერებს.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 208 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 48 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.