კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის სამშენებლო ობიექტების მონიტორინგი დაიწყო

543

სამშენებლო ობიექტების მონიტორინგი დაიწყო. ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის მშენებლობის პროექტზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელები, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტისა და ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად იმყოფებოდნენ, სადაც, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესს გაეცნენ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“, მთავრობის 181-ე დადგენილების შესაბამისად, წინასწარ მოწმდება და მონიტორინგი უტარდება სამშენებლო ობიექტებს იმის დასადგენად, თუ რამდენად არის ადგილებზე დაცული კორონავირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციები.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციები სრულად არიან ინფორმირებულები, თუ რა სახის ღონისძიებები უნდა გატარდეს კორონავირუსის პრევენციის მიზნით სამუშაო ობიექტებზე. კომპანიებს უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა ამ მიმართულებით. ტარდება შესაბამისი ტრენინგები. უახლოეს მომავალში ყველა ის კომპანია, რომელიც სრულად გაითვალისწინებს საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს სამუშაოებს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 208 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 46 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.