ქარსელაძე: მიუხედავად გამოწვევებისა, რიკოთის კონკრეტული მონაკვეთის დასრულებას წელს ვგეგმავთ

406

რიკოთის საუკუნის პროექტი აქტიურად მიმდინარეობს. გამორჩეულად დაწინაურებულია ხევი-უბისა და უბისა-შორაპნის მონაკვეთები, სადაც წლის ბოლოსთვის დაგეგმილი პროგრესი 87% და 83% გვექნება და შესაბამისად, დაახლოებით, 11კმ-დან 15კმ-მდე გზის მშენებლობის დასრულებას ვგეგმავთ, -ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის ყველა მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრის თქმით, მასშტაბურ პროექტებს სხვადასხვა ხასიათის გამოწვევები ყოველთვის ახლავს, ეს იქნება გეოლოგიური, მეწყრების სახით, მეტეოროლოგიური, ნედლეულის მიწოდების თუ სხვა.

„მაგალითად, მეტალის მოწოდებასთან დაკავშირებით უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო გარკვეული პრობლემები შეგვექმნა. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყობა მოვახერხეთ, მაინც გვაქვს მეტალის მასალის დაგვიანება, რომელიც, რა თქმა უნდა, სამუშაოების მიმდინარეობაზე აისახება. ამასთან, ხარისხი არის ჩვენი პრიორიტეტი და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული კლიმატურ პირობებზე, რათა მაღალი ხარისხის საფარის მოწყობა უზრუნველვყოთ. შესაბამისად, სწორედ ამაზეა დამოკიდებული წლის ბოლოსთვის დავასრულებთ თუ არა 11 კმ-იან და 15 კმ-იან გზის მონაკვეთებს,“ – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, რიკოთზე მიმდინარე სამუშაოების პროგრესი, საერთო ჯამში, იმის თამამად თქმის შესაძლებლობას იძლევა, რომ მომდევნო წელს რიკოთის პროექტი დასრულდება და მას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, როგორც საერთაშორისო, რეგიონულ ჭრილში, ისე ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.

„რიკოთზე, საერთო ჯამში, დაგეგმილია 52 კმ-მდე სიგრძის 4 ზოლიანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა, რომელიც 97 ხიდსა და 51 გვირაბს მოიცავს. მოცემულ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები, პარალელურად, ყველა გვირაბზე მიმდინარეობს. სულ, 51 გვირაბიდან უკვე გაჭრილია 37 გვირაბი, საიდანაც 3 დასრულებული გვირაბით სატრანსპორტო საშუალებები უკვე სარგებლობენ. 97 ხიდიდან, სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს 91 ხიდზე, საიდანაც 52 უკვე აშენებულია. 6 დასრულებული ხიდით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 მონაკვეთად არის დაყოფილი (ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი; ხევი-უბისას მონაკვეთი; უბისა-შორაპანის მონაკვეთი; შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი).

ახალი გზა საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს ითვალისწინებს. რიკოთის უღელტეხილზე სამუშაოები პანდემიის პერიოდშიც არ გაჩერებულა. მაგისტრალის 2 კმ-იან ორ ზოლიან, ხევი-უბისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2021 წლის სექტემბერში გაიხსნა,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.