ბაზრებში ვაჭრობა ეკრძალება დაავადებების მქონე პირებს და 70 წელს გადაცილებულებს

1304

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი განმარტავს, თუ ვის არ შეეძლება აგრარულ ბაზრებში ვაჭრობა. მისი განცხადებით, შეზღუდვები შეეხება კონკრეტული დაავადებების მქონე ადამიანებსა და 70 წელს გადაცილებულ პირებს.

„თუ აგრარული ბაზრები გაითვალისწინებენ იმ რეკომენდაციებს, რომელიც მოცემულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებულ სტანდარტებში, ისინი შეძლებენ ფუნქციონირებას. სტანდარტით გათვალისწინებულია მთელი რიგი მოთხოვნები, რომელიც წარედინება აგრარული ბაზრების ადმინისტრაციას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული დაავადებების მქონე პერსონალი არ დაიშვას აგრარულ ბაზრებში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 70 წელს გადაცილებული მოვაჭრეებისთვის არსებობს შეზღუდვები იმიტომ, რომ ეს ყველაფერი გამომდინარეობს ჯანდაცვის რისკებიდან. უპირველესი პრიოროტეტი ამ შემთხვევაში ჯანმრთელობის უზრუნველყოფაა ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, აგრარული ბაზრის მუშაობის და მოვაჭრეთა ქცევის წესები ხელმისაწვდომია სურსათის უვნებლობის სამსახურის ვებგვერდზე.

ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის, რეგიონების აგრარული ბაზრები ეტაპობრივად დაიხურა. დღეს ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტა თბილისშიც.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 195 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 39 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.