ნავთლუღის ბაზრის დირექტორი: ბაზარი გაიხსნება, როცა კორონავირუსის პრევენციის რეგულაციებს შევასრულებთ

1087

ნავთლუღის აგრარული ბაზრის დირექტორის, სულიკო ადუაშვილის განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, ბაზრის შესაძლო დაკეტვის თაობაზე ინფორმირებული იყვნენ.

მისივე თქმით, არსებობს კორონავირუსის პრევენციის მიზნით გაწერილი რეგულაციები, რომლის შესრულების შემდეგაც ბაზარი გაიხსნება.

„საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა თუ არა, მაშინვე ვიყავით ინფორმირებულები, რომ შესაძლოა, მომხდარიყო ბაზრის დაკეტვა. ეს ყველაფერი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ხდება. ბაზართან დაკავშირებით დიდი ხანია, გადმოგვეცა მთავრობისგან დადგენილება, სადაც მითითებულია ყველა ის რეგულაცია, რაც კორონავირუსის გავრცელებას აფერხებს. ბაზარი გაიხსენება მას შემდეგ, რაც აღნიშნულ რეგულაციებს განვახორციელებთ.

ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული სურსათის ეროვნული სააგენტოს, უსაფრთხოების სამსახურის, ასევე მერიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან. მოდიან, გვარიგებენ, რა უნდა გავაკეთოთ, დადგენილებებს გვაწვდიან და როდესაც კორონავირუსი გავრცელება აღარ იქნება მასშტაბური, გაიხსნება ბაზარი. არიან ადამიანები, ვისაც დიდი რაოდენობით აქვთ საქონელი აღებული, პროდუქტს მოვუვლით ყველანაირად. ბაზრის მოვაჭრეების დიდი ნაწილი გავიდა ზოგი სახლში, ზოგი სუპერმარკეტში, ზოგი სადღაც დაარიგებს და ა.შ.  ჩვენი მხრიდან ხელშეწყობა იქნება ის, რომ მალე შევასრულოთ რეგულაციები და გავხსნათ ბაზარი“ , – განაცხადა ნავთლუღის აგრარული ბაზრის დირექტორმა.

თბილისში აგრარული ბაზრები დღეიდან, დროებით დაიკეტა. აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილება კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიმდინარე ღონისძიებების ფარგლებში მიიღეს. შესაბამისი რეკომენდაცია უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა.

ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის, რეგიონების აგრარული ბაზრები ეტაპობრივად დაიხურა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 195 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 39 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.