შსს-ს ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის ჯარიმის გადახდის ვადა 30 დღე არის. უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ ჯარიმის გასაჩივრება აჩერებს გადახდის ვადას განხილვის დასრულებამდე. შსს-ს ინფორმაციითვე, საგანგებო მდგომარეობისპირობებში პირს გასაჩივრების უფლება არ ეზღუდება, თუმცა გასაჩივრება შეუძლია საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან 10 დღის ვადაშიც.
“პირი უფლებამოსილია დაკისრებული ჯარიმა გაასაჩივროს საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან 10 დღის ვადაში. ამასთან, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პირს გასაჩივრება არ ეზღუდება. მთავრობის დადგენილების ზემოაღნიშნული ჩანაწერი პირს არ ართმევს გასაჩივრების უფლებას, არამედ მხოლოდ, უხანგრძლივებს გასაჩივრების კანონით დადგენილ ვადებს. შესაბამისად, პირს შეუძლია დაკისრებული ჯარიმა გაასაჩივროს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში ან სასამართლოში“, – წერია შსს-ს განცხადებაში.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. კარანტინის ან თვითიზოლაციის წესის განმეორებით დარღვევა უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 195 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 39 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.