ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის ინფორმაციით, საქმიანობის ნებართვის გაგრძელების სურვილის მქონე 20-მდე კომპანია გადამოწმდა, რომელთაგან 6-ს განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო არ დაუკმაყოფილდა.
როგორც ბექა ფერაძემ „ინტერპრესნიუსს“ საწარმოების მხრიდან რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესის შესახებ განუცხადა, ერთი დღის განმავლობაში COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციების შესრულება 40-მდე საწარმოში გადამოწმდა.
„გუშინ დავიწყეთ ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციების მონიტორინგი სამუშაო ადგილებზე. ინსპექტირება განხორციელდა ორი მიმართულებით, ერთი ნაწილია ის კომპანიები, რომლებმაც სამუშაოს აღდგენის ნებართვის მისაღებად მიმართა ეკონომიკის სამინისტროს, შევამოწმეთ 20-მდე კომპანია, რომელთაგან 6-ს არ დაუკმაყოფილდა განაცხადი, შესაბამისად, არ მიენიჭებათ საქმიანობის გაგრძელების უფლება. რაც შეეხება იმ კომპანიებს, რომელთაც მთავრობის დადგენილების შესაბამისად აქვთ საქმიანობის უფლება, 15 კომპანია გადამოწმდა და ყველა სრულად აკმაყოფილებდა მოთხოვნებს“,- აღნიშნა ბექა ფერაძემ.
მისივე განცხადებით, კომპანიები მოწმდებიან, თუ რამდენადაა პერსონალი უზრუნველყოფილი სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით, ხდება თუ არა რეკომენდაციების დაცვა ტრანსპორტირების დროს და ტემპერატურული სკრინინგი.
ცნობისთვის, 6 აპრილიდან რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის მიზნით საწარმოების შემოწმების პროცესი დაიწყო. მთავრობის დადგენილებით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში განსაზღვრულია გამონაკლისი ეკონომიკური საქმიანობები, რომელიც ნებადართულია. ამასთან, კომპანიებს შეუძლიათ საგანგებო მდგომარეობისას საქმიანობის სპეციალური ნებართვის მისაღებად ეკონომიკის სამინისტროს მიმართონ და შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში საქმიანობა გააგრძელონ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 195 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 39 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.