ოზურგეთის მერიის განმარტება სახელფასო დანამატებთან დაკავშირებით

585

წინა სტატია

გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ მერიის თანამშრომლებს პრემიები დაურიგა, მუნიციპალიტეტის მერიაში პასუხობენ. მერიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტება – მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემულ სახელფასო დანამატებთან დაკავშირებით

მიგვაჩნია, რომ საინფორმაციო საშუალებებით მოსახლეობისათვის მიწოდებული ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში არასრულია, ასევე გაჯერებულია არასწორი შეფასებებით და ინტერპრეტაციით.

გაცნობებთ, რომ დანამატები გაცემულია ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით განხორციელებული საქმიანობის გათვალისწინებით ა.(ა).ი.პ. „ოზურგეთის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრის“ თანამშრომლებზე დადგენილი კანონმდებლობის სრული დაცვით.

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით განხორციელებული საქმიანობაში ჩართული იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის 3 თანამშრომელი, რომელებიც 24 საათიან რეჟიმში კოორდინაციას უწევდნენ და უწევენ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების რისკების შემცირების მიზნით განხორციელებულ სამუშაოებს.

დანამატების გაცემისას გათვალისწინებული იქნა – “დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის“ გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის 18.03.2020 წლის წერილი, რომლის მიხედვითაც მოგვეცა შემდეგი რეკომენდაცია – ,,გაეზარდოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ეპიდემიოლოგებსა და პროფილატიკოსების შრომის ანაზღაურება და/ან მინიმუმ გაუთანაბრდეს მუნიციპალიტეტების სხვა სამსახურებში სპეცილისტების შრომის ანაზღაურებას,, (ამონარიდი წერილიდან);

ხოლო მერიის თანამშრომელთაგან ორ პირზე დანამატის გაცემის საფუძველი გახლავთ თბილისის მერიის მიერ გადმოცემული ავტობუსებისა და სხვა ტექნიკის ჩამოყვანა და მასთან დაკავშირებული პროცედურები.

„TV-პირველზე“ გასულ სიუჟეტში გამოქვეყნებული ორი პირისათვის მერიის მიერ დანამატის ჩარიცხვის საფუძველი წარმოიშვა მიმდინარე წლის თებერვალში ხოლო ჩარიცხვა განხორციელდა მარტის თვის ბოლოს.

ხსენებულმა პირებმა უზრუნველყვს თბილისის მერიის მიერ გადმოცემული 4 სატრანსპორტო საშუალების ჩამოყვანა ოზურგეთში, ხოლო გადმოცემული ორი სპეცდანიშნულების ტექნიკა მომზადებული იქნა გადმოსაყვანად, რის გამოც მათზე გაიცა 60%-ი (და არა 80%იანი დანამატი).

სულ გაცემულია 12 930 ლარი;

„TV-პირველზე“ გასულ სიუჟეტში მითითებულ სხვა პირებზე, კერძოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებზე დანამატები არ გაცემულა ქვეყანაში არსებული სტუაციიდან გამომდინარე და ყველა ინტერპრეტაცია, რომელიც ამ საკითხან გახლავთ დაკავშირებული არის არასწორი;

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა.(ა).ი.პ. „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქმიანობას ახორციელებს 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით განსახორციელებლი საქმიანობის ფარგლებში მოხდა მოსახლეობის საჭიროებების კვლევა და იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც საჭიროებს სასურსათო და სხვა სახის დახმარებას.

კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ოზურგეთის მერიაში შექმნილი ჯგუფის მიერ ამ დროისათვის:
– უკვე 180 ოჯახს დაურიგდა სურსათი.
– უახლოეს დღეებში დმატებით 500 ოჯახზე გავცემთ პროდუქტებს.

გამომდინარე იქედან, რომ მოცემულ შემთხვევაში დადასტურდა დასაქმებული პირების შესახებ პერსონალური ინფორმაციის (პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მათი ანგარიშის ნომრების და მათთვის ჩარიცხული თანხების შესახებ ინფორმაცია) ოზურგეთის მერია ბოდიშს უხდის მათ და აცხადებს, რომ ამ დროისათვის ხდება პერსონალური ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული ფაქტებისა და საკითხების სამართლებრივი ანალიზი (ასეთი ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს) რის შედეგებზე დაყდრნობითაც განვახორციელებთ შემდგომ სამართლებრივ რეაგირებას.

დამატებით ვაცხადებთ, რომ ოზურგეთის მერია უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული პირისათვის საჯარო ინფორმაციის მიწოდებას და ასევე ითანამშრომლებს ყველა სპეციალური კომპეტენციის ორგანოსთან საკითხის სამართლებრივ ფორმატში გარკვევის მიზნით,” – ნათქვამია განცხადებაში.

“ტვ პირველმა” რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის კონსტანტინე შარაშენიძის 24 მარტის ბრძანებით, მერიის 18 თანამშრომელზე პრემიები გაიცა.

“ეს ფაქტი თუ დადასტურდა, კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია. მე მესმის, რომ ეს ხალხი დღეს წინა ხაზზე იმყოფება და კორონავირუსს ებრძვის, მაგრამ ეს მათი ვალდებულებაა. ისინი საჯარო მოხელეები არიან და ხალხს უნდა ემსახურონ და არა პრემიები აიღონ. გავერკვევი ამ საკითხში და თუ ეს დადასტურდა, შესაბამის ზომებს მივიღებ“, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში პრემიების გაცემას.