„ეს ფაქტი თუ დადასტურდა, კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია. მე მესმის, რომ ეს ხალხი დღეს წინა ხაზზე იმყოფება და კორონავირუსს ებრძვის, მაგრამ ეს მათი ვალდებულებაა. ისინი საჯარო მოხელეები არიან და ხალხს უნდა ემსახურონ და არა პრემიები აიღონ. გავერკვევი ამ საკითხში და თუ ეს დადასტურდა, შესაბამის ზომებს მივიღებ“, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში პრემიების გაცემას. ამის შესახებ რეგინფო წერს.
“ტვ პირველმა” რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის კონსტანტინე შარაშენიძის 24 მარტის ბრძანებით, მერიის 18 თანამშრომელზე პრემიები გაიცა.
პრემირებულ თანამშრომლებს შორის არის მერის მოადგილე ირაკლი სირაძეც, რომელმაც პრემია ერთი თვის ხელფასის ოდენობით (2400 ლარი) მიიღო. სიუჟეტის ავტორის მიერ ნაჩვენები ბრძანების მიხედვით, სირაძეს პრემია მიეცა ზეგანაკვეთური სამუშაოს და დამატებითი ფუნქციების შესრულებისთვის, მათ შორის ღამის საათებში, დასვენებისა და უქმე დღეებში, რისკის შემცველ პირობებში.
დოკუმენტების მიხედვით, რომელიც სიუჟეტის ავტორმა, ჟურნალისტმა ნატო გოგელიამ გაავრცელა, პრემია ასევე მიიღეს ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ, შესყიდვების განყოფილების უფროსმა დავით გორგელაძემ, საბუღალტრო განყოფილების უფროსმა ნინო დარჩიამ, სახაზინო მომსახურების განყოფილების უფროსმა პავლე ჭყონიამ, საქმისწარმოების განყოფილების უფროსმა მაია ინარიძემ, სოციალური და ჯანდაცვის განყოფილების უფროსმა ნათია ვაშალომიძემ, მერის წარმომადგენლებთან კოორდინაცის სამსაუხრის უფროსმა დარეჯან გოგოსიშვილმა და მერიის კიდევ რამდენიმე სპეციალისტმა.
მერიამ პრემია ასევე მისცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 16 თანამშრომელს. მათგან, სიუჟეტის მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი 620 ლარია.
გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა და მისმა მოადგილეებმა ტვ პირველთან ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში „რეგინფოს“ განუმარტეს, რომ მერის მოადგილის ირაკლის სირაძის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლების გარდა, პრემია მერიის არცერთ სხვა თანამშრომელზე არ გაცემულა. მერიის ინფორმაციით, ირაკლი სირაძე კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შტაბს ხელმძღვანელობს.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 188 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 36 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.