ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის აღჭურვის პროცესს დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია გაეცნო.
მოწერელია კლინიკაში თავის პირველ მოადგილე მალხაზ თორიასთან, ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატ ედიშერ თოლორაიასთან და მუნიციპალიტეტის მერ გიორგი შენგელიასთან ერთად იმყოფებოდა.
რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კლინიკა ერთდროულად 100 პაციენტის მიღებას შეძლებს.
„რუხის სამედიცინო ცენტრს სამ დღეში უკვე შეეძლება კარანტინზე გადასაყვანი მოქალაქეების მიღება, შემდეგ ეტაპზე კი, ცენტრი დაყოვნების რეჟიმზე მყოფი მოქალაქეებისა და ინფექციური პროფილის პაციენტების მიღებას შეძლებს“, – აღნიშნულია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე ინფორმაციით, სამკურნალოდ ჩაყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისთვის რუხის საავადმყოფოს ტერიტორიაზე გათვალისწინებულია 100-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი, რომლის ტერიტორიაზე ავტოსადგომები და შიდა გზები უკვე მოწყობილია.
მომავალში კლინიკას საუნივერსიტეტო ფუნქციაც ექნება. ადგილზე არსებობს აუდიტორიების, ბიბლიოთეკისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურისთვის საჭირო სივრცე. რუხის მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 41 მლნ ლარით დაფინანსდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 195 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 39 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.