ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, კომპანია „თბილისი ენერჯი“, დედაქალაქში გაზმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო და სარეკონსტრუქციო სამუშაოებს უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით, ასევე დაავადებათა ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით განაგრძობს.
კომპანია „თბილისი ენერჯის“ ცნობით, ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, დღეს 430 მეტრი სიგრძის გაზსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, დედაქალაქის მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე არსებულ მონაკვეთზე, გაზის მილები სრულად შეიცვალა, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ძლიერ კოროზირებული იყო.
„დაზიანებული მილები საშუალო და მაღალი წნევის, თანამედროვე პოლიეთილენის მილით ჩანაცვლდა. ახალი გაზსადენი დედაქალაქის მოსახლეობის უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის უმნიშნელოვანესია. „თბილისი ენერჯი“ შეგახსენებთ, რომ დარჩეთ სახლში, გაითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია, რომელსაც ხელისუფლება ვირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ გასცემს და გახსოვდეთ, თქვენი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობისთვის, დაიცავით ბუნებრივი გაზის უსაფრთხოდ მოხმარების წესები. ბუნებრივი გაზის მოხმარებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ 2 40 40 04 ან სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე 114 . თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ „თბილისი ენერჯის“ სოციალური ქსელით და ვებგვერდის www.te.ge სპეციალური სწრაფი დისტანციური მომსახურების ღილაკით“,- აღნიშნულია კომპანია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 195 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 39 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.