რიჟვაძე ხულოს მერიაზე: აბსოლუტურად ვერ გავიზიარებთ რომელიმე არგუმენტს პრემირებასთან, ან წახალისებასთან მიმართებით

491

წინა სტატია

თუ ვინმეს გააზრებასთან მიმართებით გარკვეული პრობლემა აქვს, ვპირდები, აუცილებლად გაიაზრებენ და შეიგნებენ, – ასე გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საზოგადოებრივი მაუწყებელთან ინტერვიუში ხულოს მერიის თანამშრომლებზე დანამატების გაცემის თემას.

„მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ინფექციას ებრძვის, ჩვენს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება, აბსოლუტურად ვერ გავიზიარებთ რომელიმე არგუმენტს პრემირებასთან, ან წახალისებასთან მიმართებით. მისასალმებელია, თუ ვინმემ შეიგნო და მოახდინა აღნიშნული თანხების ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნება. ამავე დროს, თუ ვინმეს გააზრებასთან მიმართებით გარკვეული პრობლემა აქვს, ვპირდები, აუცილებლად გაიაზრებენ და შეიგნებენ, რომ ამ მძიმე მდგომარეობაში დაუშვებელია ნებისმიერი პრემიისა და წახალისების შემთხვევები. იმის მიუხედავად, ვინ იქნება ეს, არჩევითი თუ დანიშვნითი თანამდებობის პირი“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძემ კომენტარი გააკეთა ხულოს მერიის თანამშრომლებზე დანამატების გაცემასთან დაკავშირებით. როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტეს, რამდენიმე რიგით თანამშრომელზე გაიცა დანამატი, რომლის გაცემაც 2019 წლის განმავლობაში ტექნიკურად ვერ მოხერხდა, თუმცა, დანამატის სახით გაცემული თანხა სრულად დაბრუნდა ბიუჯეტში.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 195 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 39 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.