ხულოს მერიაში სახელფასო დანამატები გასცეს. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დანამატი 16 თანამშრომელმა მიიღო. მათ შორისაა მუნიციპალიტეტის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
”16 თანამშრომელზე ჩაირიცხა. ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ ეს დანამატი საჭირო იყო ამ თანამშრომლებზე. გამომდინარე იქედან, რომ ეს პირები გამოირჩეოდნენ სამსახურეობრივი მაღალი კვალიფიკაციით. ასევე, მათზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდნენ. ღამითაც უწევდათ მუშაობა, ასევე ზოგიერთი თანამშრომელი, სხვა პოზიციაზეც დასაქმებული პირების მოვალეობასაც ასრულებდა.
თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს იქნებოდა მათგან კეთილი ჟესტი და თანხა უკან დააბრუნეს”, – განაცხადა ხულოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნური გორგაძემ.
“ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის რამდენიმე რიგით თანამშრომელზე გაიცა დანამატი 50% ოდენობით. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის განმავლობაში ტექნიკურად ვერ მოხერხდა დანამატების გაცემა აღნიშნულ თანამშრომლებზე. რიგითი თანამშრომლების წახალისება მოხდა მარტის თვეში, თუმცა ვიაზრებთ რა ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, დანამატის სახით გაცემული თანხა სრულად დაბრუნდა ბიუჯეტში,” – ტვ25-თთან საუბარში განაცხადეს ხულოს მერიაში.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ხულოს მერი ვახტანგ ბერიძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ასევე ზარებს არ პასუხობს ხულოს მერის მოადგილე ნადიმ ვასაძეც.
მაუწყებელი წერს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის, ნადიმ ვარშანიძის საკონტაქტო ტელეფონი პარალელურად ხულოს მუნიციპალიტეტის ცხელი ხაზია და ის 24 საათს განმავლობაში უნდა პასუხობდეს ტელეფონს. დღეს, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ტელეფონის ნომრით ეცადნენ დაკავშირებას, თუმცა, ხულოს ცხელ ხაზზე არ უპასუხა.
აჭარის მაუწყებლის ცნობით, სატელეფონო ზარებს არ უპასუხა არც ხულოს მერიის ფინანსური სამსახურის ხელმძღვანელმა და არც საკრებულოს თავმჯდომარემ.