კახეთის მასშტაბით მოწყობილ საკონტროლო პუნქტებზე, მაღალი ტემპერატურა მოქალაქეებში და ავტომობილებში მგზავთა რაოდენობის გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
საველე კარვები და მედ-პუნქტი თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმთან აქვთ მოწყობილი.
ასევე, საკონტროლო პუნქტები განთავსებულია ვაზიანი-გომბორი-თელავის და თიანეთი-ახმეტის დამაკავშირებელ მაგისტრალებზეც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყველა გამშვებ პუნქტზე თერმოსკრინინგს ერთდროულად რამდენიმე ექიმი ატარებს, ამიტომ ცენტრალური გზის მონაკვეთებზე ავტომობილები შეუფერხებლად გადაადგილდებიან.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 195 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 39 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.