რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია: პრევენციული ზომების დაცვით, რეგიონში საწარმოო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს

561

COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციული ზომების სრული დაცვით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში საწარმოო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, საწარმოო პროცესის მიმდინარეობას და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ხარისხს მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან, გოჩა ენუქიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

„კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო” ქართულ-შვეიცარული კომპანიაა, რომელიც 2008 წელს დაარსდა. დაარსებიდან დღემდე შვეიცარული მხარის ინვესტიცია 35 მილიონ ლარს შეადგენს. “ბლაუენშტაინ საქართველო” აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ხორცს და ხორცპროდუქტებს. კომპანია ფლობს სურსათის წარმოების სრულ ჯაჭვს ფერმიდან მომხმარებლამდე და მუშაობს მაღალი სტანდარტების დაცვით და შვეიცარული საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით.

კომპანია ფლობს მესაქონლეობის ფერმებს რაჭაში, ონის რაიონის სოფელ შარდომეთში. კომპანია წარმოების ჯაჭვს ფერმიდან მომხმარებლამდე თავად აკონტროლებს და გარემო ფაქტორებზე მინიმალურადაა დამოკიდებული, შესაბამისად, მარაგის ამოწურვის და შეფერხების საფრთხე არ არსებობს.

საწარმოო პროცესს აგრძელებს ამბროლაურში მდებარე „რაჭული ლორის“ საწარმოც. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით- „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში ჯამურად 762,900 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 323,876 ლარი გრანტია, 358,024 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 195 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 39 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.